სიაში დაბრუნება
ირინა სხირტლაძე

ირინა სხირტლაძე

1928 — 1944

გაზიარება

ბიოგრაფია

1940 წელს კატინის ტყეში დახვრეტილი პოლონეთის არმიის საკონტრაქტო ოფიცრის, კაპიტან არკადი სხირტლაძისა და იანინა კიჩინსკა-სხირტლაძის უფროსი ქალიშვილი, ირინა, 1928 წლის 7 აპრილს ქალაქ ლვოვში დაიბადა. 1943 წლის ბოლოს, როდესაც მამამისი უკვე ცოცხალი აღარ იყო, იგი დედასა და უმცროს დასთან ერთად საცხოვრებლად ვარშავაში გადავიდა. გერმანელთა მიერ ოკუპირებულ ქალაქში ირინამ ერთი ქართველი ქალი იპოვა, რომელთანაც მშობლიური ენის უკეთ შესასწავლად დადიოდა. მიუხედავად იმისა, რომ როგორც საკონტრაქტო ოფიცრის შვილი, იგი არ იყო ვალდებული, ვარშავის აჯანყებაში მიეღო მონაწილეობა, მამაცი გოგონა ანტიფაშისტურ მოძრაობაში მაინც აქტიურად ჩაება.

1944 წლის აგვისტოში, აჯანყების დაწყების პირველივე დღეებში, ირინა ფსევდონიმით „ირკა“ პოლონეთის წინააღმდეგობის არმიაში მოხალისედ ჩაეწერა და „პარასოლის“ ბატალიონის მეკავშირე და სანიტარი გახდა. მან ბატალიონთან ერთად ბრძოლის რთული გზა განვლო ვარშავის ვოლას უბნიდან ძველი ქალაქის გავლით ცენტრსა და ჩერნიაკოვამდე. 1944 წლის 12-14 სექტემბერს ვარშავის სოლეჩის უბანში აჯანყებულებსა და გერმანელებს შორის გააფთრებული შეტაკებები მიმდინარეობდა, რა დროსაც, 14 სექტემბერს, ლუდნას ქუჩაზე მძიმედ დაჭრილი ბატალიონის მეთაურის დახმარების მცდელობისას, 16 წლის ირინა სხირტლაძე მტრის ტყვიამ იმსხვერპლა. მოგვიანებით იგი დაჯილდოვდა მედლით „მამაცთა ჯვარი“, რომელიც 1920 წელს დააწესა პოლონეთის დაცვის საბჭომ და უშუალოდ ბრძოლის ველზე გამოჩენილი სიმამაცისა და გამბედაობისთვის გაიცემა. ირინა ბატალიონ „პარასოლის“ სხვა ჯარისკაცებსა და სანიტრებთან ერთად ვარშავის პოვონზკის სამხედრო სასაფლაოზეა დაკრძალული. მისი დაღუპვიდან 67 წლის შემდეგ, 2011 წლის 14 სექტემბერს, ამავე სასაფლაოზე ვარშავის აჯანყების გმირი ქართველი გოგონას ხსოვნისადმი მიძღვნილი ცერემონია გაიმართა. დებლინის საავიაციო სკოლის („არწივის მართვეები“) კურსანტებმა - იმ სასწავლებლის წარმომადგენლებმა, სადაც ირინას მამა პოლონელ მფრინავებს წვრთნიდა - ყვავილებით შეამკეს ირკას საფლავი და მისი ხსოვნის პატივსაცემად სანთლები აანთეს.

მანამდე კი, 1977 წლის ივლისში, ირინას დედა, იანინა და უმცროსი და, ქრისტინა თავის ოჯახთან ერთად საქართველოს ეწვივნენ და მოინახულეს ქვეყანა, რომლის ნახვაც ირინას აუხდენელ ოცნებად დარჩა. აღსანიშნავია ისიც, რომ პოეტმა ჯანსუღ ჩარკვიანმა თავისი ცნობილი ლექსი „ირინოლა“ სწორედ ირინა სხირტლაძეს მიუძღვნა.

Video Thumbnail
ვიდეო