რუსული კოგნიტიური ოპერაციები პოლონეთში: სამხედროებმა გადაუდებელი განცხადება გაავრცელეს

პოლონეთის შეიარაღებულმა ძალებმა გადაუდებელი განცხადება გაავრცელეს, რომელიც რუსეთის მიერ განხორციელებულ კოგნიტიურ ოპერაციებს ეხება. ამ ოპერაციების მიზანია პოლონეთში შიდა სიტუაციის დესტაბილიზაცია, პანიკის გამოწვევა და სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ ნდობის შერყევა. ეს გაფრთხილება განსაკუთრებით აქტუალურია უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე.

პოლონეთის სამხედროები ხაზს უსვამენ, რომ რუსეთი აქტიურად იყენებს დეზინფორმაციასა და ფსიქოლოგიურ ომს, რათა გავლენა მოახდინოს საზოგადოებრივ აზრზე და შექმნას ქაოსი. ერთ-ერთი ბოლო ინციდენტი, რომელიც ამ ოპერაციების ნაწილი იყო, მოხდა 14-15 დეკემბრის ღამეს, როდესაც პოლონეთის მოქალაქეებს SMS შეტყობინებები გაეგზავნათ სამხედრო მობილიზაციის შესახებ. ეს შეტყობინებები ყალბი იყო და მათი მიზანი მოსახლეობის შეცდომაში შეყვანა გახლდათ.

„ვაფრთხილებთ რუსული კოგნიტიური ოპერაციების შესახებ. მათი მიზანია პოლონეთში სიტუაციის დესტაბილიზაცია, პანიკის გამოწვევა და სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ ნდობის შერყევა“, – ნათქვამია პოლონეთის შეიარაღებული ძალების განცხადებაში, რომელიც 15 დეკემბერს გავრცელდა.

სამხედროები მოუწოდებენ მოქალაქეებს, გამოიჩინონ სიფხიზლე, გადაამოწმონ ინფორმაცია სანდო წყაროებიდან და არ აჰყვნენ პროვოკაციებს, რომლებიც მიმართულია ქვეყნის უსაფრთხოებისა და სტაბილურობის წინააღმდეგ.

მოამზადა ნათია ქიმაძემ