
პოლონეთის მთავრობა ევროს მიღებას ამჟამად არ გეგმავს, რადგან პოლონელების უმრავლესობა ამ გადაწყვეტილებას არ ემხრობა. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა განაცხადა, რასაც ფინანსთა მინისტრმა ანდჟეი დომანსკიმ დაუდასტურა.
პრემიერ-მინისტრის თქმით, ევროს მიღება ამ ეტაპზე მთავრობის პრიორიტეტულ საკითხთა ნუსხაში არ შედის. „პოლონელები არ არიან მზად ევროს მისაღებად“, – აღნიშნა ტუსკმა. საზოგადოებრივი აზრის ბოლოდროინდელი გამოკითხვები აჩვენებს, რომ მოსახლეობის მხოლოდ 29% უჭერს მხარს ევროზე გადასვლას, რაც მნიშვნელოვნად დაბალია, ვიდრე 2022 წლის ბოლოს დაფიქსირებული 40%.
ფინანსთა მინისტრმა ანდჟეი დომანსკიმ დაადასტურა, რომ ზლოტი, პოლონეთის ეროვნული ვალუტა, ქვეყანაში დიდხანს დარჩება.დომანსკიმ ასევე ხაზი გაუსვა, რომ მთავრობის მთავარი მიზანი ინფლაციის შემცირება და ეკონომიკის სტაბილიზაციაა, რაც ევროს მიღებაზე ფიქრამდე პრიორიტეტულია.
პოლონეთი ევროკავშირში გაწევრიანებისას, 2004 წელს, ვალდებულება აიღო ევროს მიღებაზე, თუმცა კონკრეტული თარიღი არ დადგენილა. ამჟამინდელი ეკონომიკური სიტუაცია, მაღალი ინფლაცია და საპროცენტო განაკვეთები, ხელს უშლის ევროზონაში გაწევრიანების პროცესს. მთავრობა მიიჩნევს, რომ ევროს ნაჩქარევი მიღება შესაძლოა უარყოფითად აისახოს ქვეყნის ეკონომიკაზე და მოქალაქეების კეთილდღეობაზე.
ეს გადაწყვეტილება მნიშვნელოვანია როგორც პოლონეთის მოქალაქეებისთვის, ასევე ქვეყანაში მცხოვრები ემიგრანტებისთვის, რადგან ის პირდაპირ გავლენას ახდენს ფინანსურ სტაბილურობასა და ყოველდღიურ ეკონომიკურ ოპერაციებზე.
მოამზადა მათე გასვიანმა