აქვს თუ არა საქართველოს ჯერ კიდევ ევროპული მომავლის შანსი? „იმედი არ დაკარგოთ და ნუ გაჩუმდებით“. თბილისი მოსკოვსა და ბრიუსელს შორის.

საქართველოში მორიგი საპროტესტო ტალღა მძვინვარებს, რადგან ქვეყანა კვლავ დგას არჩევანის წინაშე – ევროპული მომავალი თუ რუსული გავლენა. ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი, რომელიც საქართველოს ევროპული გზის აქტიური მხარდამჭერია, მოუწოდებს ქართველ ხალხს: „იმედი არ დაკარგოთ და ნუ გაჩუმდებით“.

პოლონური მედიის, Onet-ის ცნობით, საქართველო უკვე მეორე წელია, რაც მასობრივი საპროტესტო აქციების ეპიცენტრშია. მიზეზი მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებული კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, რომელიც კრიტიკოსების მიერ „რუსულ კანონად“ არის მონათლული და მიჩნეულია მოსკოვის კანონმდებლობის ანალოგად. ამ კანონმა, რომელიც პრეზიდენტის ვეტოს მიუხედავად, საბოლოოდ მაინც იქნა მიღებული, ღრმა განხეთქილება გამოიწვია საზოგადოებაში და ევროპული ინტეგრაციის პერსპექტივას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს.

ევროკავშირმა საქართველოს კანდიდატის სტატუსი 2023 წლის დეკემბერში მიანიჭა, თუმცა ცხრა პირობის შესრულების სანაცვლოდ. ევროპელი ლიდერები აცხადებენ, რომ უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონი ეწინააღმდეგება ამ პირობებს და საფრთხეს უქმნის ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას. ვიოლა ფონ კრამონი ხაზს უსვამს, რომ ევროკავშირი მზად არის დაეხმაროს საქართველოს, მაგრამ გადამწყვეტი ნაბიჯები თავად ქვეყანამ უნდა გადადგას.

სტატიაში აღნიშნულია, რომ „ქართული ოცნების“ მთავრობა, მიუხედავად პროევროპული რიტორიკისა, ხშირად აკეთებს განცხადებებს, რომლებიც ეჭვქვეშ აყენებს მის ერთგულებას დასავლური ღირებულებების მიმართ. ოპონენტები მათ პრორუსულ მიდრეკილებებში ადანაშაულებენ. ვითარებას კიდევ უფრო ამძაფრებს ის ფაქტი, რომ საქართველოში ოქტომბერში საპარლამენტო არჩევნებია დაგეგმილი, რაც ქვეყნის მომავლისთვის გადამწყვეტი იქნება.

პოლონური გამოცემა ასევე იხსენებს 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომს, რის შედეგადაც რუსეთმა საქართველოს ტერიტორიების – აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის (სამხრეთ ოსეთის) – ოკუპაცია მოახდინა. ევროკავშირი მუდმივად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, რასაც ადასტურებს ფინანსური დახმარება და პოლიტიკური მხარდაჭერა.

ფონ კრამონი მოუწოდებს ქართველებს, არ დანებდნენ და გააგრძელონ ბრძოლა თავიანთი ევროპული მომავლისთვის, რადგან თქვენი ხმა მნიშვნელოვანია.

მოამზადა ნათია ქიმაძემ