Story Image


პოლონეთის მალოპოლსკის რეგიონში შრომის ბაზარი მნიშვნელოვან ცვლილებებს განიცდის, რაც როგორც დამსაქმებლებისთვის, ისე სამუშაოს მაძიებლებისთვის ახალ გამოწვევებსა და შესაძლებლობებს ქმნის. მიუხედავად ეკონომიკური ზრდის შენელებისა, რეგიონში კვალიფიციურ კადრებზე მოთხოვნა კვლავ მაღალია, განსაკუთრებით გარკვეულ სექტორებში. ეს ტენდენცია განსაკუთრებით საინტერესოა პოლონეთში მცხოვრები ემიგრანტებისთვის, რომლებიც ხშირად შრომის ბაზრის ამ ხარვეზების შევსებას უწყობენ ხელს.

პროფესიათა ბარომეტრი 2024-ის მონაცემებით, მალოპოლსკაში კვლავ შეინიშნება დეფიციტი მრავალ პროფესიაში. ეს ნიშნავს, რომ დამსაქმებლებს უჭირთ შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე თანამშრომლების მოძიება. დეფიციტური პროფესიების ჩამონათვალში შედის მშენებლობის, ჯანდაცვის, წარმოების, გასტრონომიის, საავტომობილო ინდუსტრიისა და ტრანსპორტის სფეროები. მაგალითად, მალოპოლსკაში კვლავაც მოთხოვნადია მშენებლები, ელექტრიკოსები, მძღოლები, მედდები, ექიმები, მზარეულები და მცხობელები.

ამავდროულად, არსებობს პროფესიები, სადაც კადრების სიჭარბეა. ესენია: ეკონომისტები, ფილოსოფოსები, პოლიტოლოგები, კულტუროლოგები, პედაგოგები და საოფისე მუშაკები. ამ სფეროებში სამუშაოს მაძიებლებს შესაძლოა უფრო მეტი სირთულე შეექმნათ დასაქმებაში.

შრომის ბაზრის ამ ცვლილებებზე გავლენა იქონია უკრაინაში მიმდინარე ომმაც. ომის დაწყების შემდეგ, მალოპოლსკაში უკრაინიდან ჩამოსული ლტოლვილების მნიშვნელოვანი ნაწილი დასაქმდა, რაც რეგიონის ეკონომიკისთვის მნიშვნელოვანი სტიმული აღმოჩნდა. 2023 წლის ბოლოსთვის, მალოპოლსკის სავოევოდოში 100 ათასზე მეტი უცხოელი იყო დასაქმებული, რაც 2022 წელთან შედარებით 11 ათასით მეტია. 2023 წელს გაცემული სამუშაო ნებართვების რაოდენობამ 40 ათასს გადააჭარბა, რაც უცხოელი მუშაკების მზარდ როლზე მიუთითებს.

საინტერესოა, რომ უცხოელი მუშაკების უმრავლესობა უკრაინიდანაა, თუმცა იზრდება სხვა ქვეყნებიდან, მათ შორის ინდოეთიდან, ნეპალიდან, თურქეთიდან და საქართველოს მოქალაქეების დასაქმების მაჩვენებელიც. ეს ტენდენცია ხაზს უსვამს იმას, რომ მალოპოლსკის შრომის ბაზარი სულ უფრო მეტად ინტერნაციონალური ხდება და უცხოელი მუშაკები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ რეგიონის ეკონომიკური საჭიროებების დაკმაყოფილებაში.

ავტორი: ნათია ქიმაძე