
პოლონეთში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეებისთვის, განსაკუთრებით კი მათთვის, ვინც მთიან რეგიონებში მოგზაურობას ან ცხოვრებას გეგმავს, მნიშვნელოვანია ველური ბუნების, კერძოდ კი დათვების ქცევის წესების ცოდნა. პოლონელი ზოოფსიქოლოგები განმარტავენ, რომ დათვები, როგორც წესი, ადამიანს მსხვერპლად არ აღიქვამენ, ხოლო მათი აგრესია ხშირად თავდაცვითი ხასიათისაა.
ექსპერტების განცხადებით, დათვის აგრესიული ქცევის ყველაზე გავრცელებული მიზეზი ნაშიერების დაცვაა. დედა დათვი, რომელიც საფრთხეს გრძნობს თავისი ბელებისთვის, შესაძლოა აგრესიულად მოიქცეს ადამიანის მიმართ. სხვა მიზეზები შეიძლება იყოს მოულოდნელი შეხვედრა, საკვების დაცვა ან ზოგადად საფრთხის შეგრძნება.
როგორ მოვიქცეთ დათვთან შეხვედრისას:
- შეინარჩუნეთ სიმშვიდე: პანიკა და მოულოდნელი მოძრაობები დათვს შესაძლოა საფრთხედ მოეჩვენოს.
- არ გაიქცეთ: სირბილი შესაძლოა დათვის დევნის ინსტინქტის გამომწვევი გახდეს.
- ისაუბრეთ მშვიდი ხმით: აცნობეთ დათვს თქვენი ყოფნის შესახებ, რათა მან გაიგოს, რომ ადამიანი ხართ.
- ნელა დაიხიეთ უკან: შეეცადეთ ნელა და მშვიდად დაშორდეთ დათვს, ზურგი არ შეაქციოთ.
- მოერიდეთ პირდაპირ თვალის კონტაქტს: ეს შესაძლოა დათვმა საფრთხედ აღიქვას.
- თუ დათვი თავს დაგესხათ: ექსპერტები გვირჩევენ, დაწექით მუცელზე, ხელები კისერზე შემოიწყვეთ და თავი დაიცავით. ამ პოზაში დათვი შესაძლოა თქვენში საფრთხეს ვეღარ ხედავდეს და თავი დაგანებოთ.
მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ დათვთან შეხვედრების უმეტესობა მშვიდობიანად სრულდება, თუ ადამიმიანი უსაფრთხოების წესებს იცავს. პოლონეთის ეროვნულ პარკებში დათვების პოპულაცია არსებობს, განსაკუთრებით ტატრების რეგიონში, ამიტომ ამ ინფორმაციის ცოდნა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია როგორც ტურისტებისთვის, ისე ადგილობრივი მაცხოვრებლებისთვის.
მოამზადა ნათია ქიმაძემ