პოლონეთი: სილეზიაში ადამიანებით ვაჭრობის საქმეზე სახელმწიფო მოხელეები დააკავეს – მსხვერპლთა შორის საქართველოს მოქალაქეებიც არიან

პოლონეთის პოლიციის ცენტრალურმა საგამოძიებო ბიურომ (CBŚP) სილეზიის რეგიონში ადამიანებით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) საქმეზე 11 პირი დააკავა, მათ შორის ორი სახელმწიფო მოხელე. 

გამოძიების თანახმად, დაკავებულთა ჯგუფი ეჭვმიტანილია საზღვრის უკანონო გადაკვეთის ორგანიზებასა და ადამიანების ექსპლუატაციაში. დანაშაულებრივი სქემა მოიცავდა უცხო ქვეყნის მოქალაქეების მოტყუებას ლეგალური სამუშაოსა და მაღალი ანაზღაურების დაპირებით. პოლონეთში ჩასვლის შემდეგ, მსხვერპლებს ართმევდნენ დოკუმენტებს, ათავსებდნენ არაადამიანურ პირობებში და აიძულებდნენ ემუშავათ მშენებლობასა და სოფლის მეურნეობაში მინიმალური ანაზღაურებით ან საერთოდ უანგაროდ. მათ ასევე ემუქრებოდნენ და აშინებდნენ.

დაზარალებულები ძირითადად უკრაინის მოქალაქეები იყვნენ, თუმცა მათ შორის იყვნენ საქართველოსა და მოლდოვის მოქალაქეებიც. პოლიციის ცენტრალური საგამოძიებო ბიუროს ინფორმაციით, გამოძიება გრძელდება და არ არის გამორიცხული, რომ დამატებითი დაკავებები მოხდეს.

რჩევები პოლონეთში მცხოვრები თანამემამულეებისთვის:

  • სამუშაო შეთავაზებების გადამოწმება: ყოველთვის გადაამოწმეთ სამუშაო შეთავაზებების ლეგიტიმურობა. მოითხოვეთ დამსაქმებლის სრული საკონტაქტო ინფორმაცია და შეამოწმეთ მისი რეპუტაცია.
  • დოკუმენტების დაცვა: არასდროს გადასცეთ თქვენი პასპორტი ან სხვა საიდენტიფიკაციო დოკუმენტები მესამე პირებს. შეინახეთ მათი ასლები უსაფრთხო ადგილას.
  • საცხოვრებელი პირობები: სამუშაოზე დათანხმებამდე, შეძლებისდაგვარად, გაარკვიეთ საცხოვრებელი პირობების შესახებ.
  • საეჭვო სიტუაციები: თუკი აღმოჩნდით საეჭვო ან საშიშ სიტუაციაში, ან თუ ვინმე გართმევთ დოკუმენტებს, გაიძულებთ იმუშაოთ არაადამიანურ პირობებში ან გემუქრებათ, დაუყოვნებლივ მიმართეთ პოლიციას ან შესაბამის დამხმარე ორგანიზაციებს.
  • დახმარების ხაზები: პოლონეთში მოქმედებს ადამიანებით ვაჭრობის მსხვერპლთა დახმარების ხაზები. მაგალითად, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნულ ცენტრს (Krajowe Centrum Interwencyjno-Konsultacyjne dla Ofiar Handlu Ludźmi) ნომერზე +48 22 628 01 20.

    მოამზადა ნათია ქიმაძემ