
პოლონეთის ცენტრალური საგამოძიებო ბიუროს (CBŚP) თანამშრომლებმა, ვარშავის რაიონულ პროკურატურასთან თანამშრომლობით, დანაშაულებრივი ჯგუფი დაშალეს, რომლის წევრთა უმეტესობა საქართველოს მოქალაქეები არიან.
ჯგუფს ბრალი ედება პოლონეთის რამდენიმე სავოევოდოში (მაზოვიის, ლოძის, დიდპოლონეთის, დასავლეთ პომერანიის, სილეზიის და მალოპოლსკის) მრავალრიცხოვან ქურდობასა და სხვა ქონებრივ დანაშაულში. მათი საქმიანობის ძირითადი არეალი იყო მაზოვიის სავოევოდო, განსაკუთრებით ვარშავა და მისი შემოგარენი.
გამოძიების ინფორმაციით, მოპარული ნივთების (ძვირფასეულობა, ნაღდი ფული, ელექტრონიკა) საერთო ღირებულება 1.5 მილიონ პოლონურ ზლოტს აღემატება.
ოპერაციის შედეგად, სულ 13 პირი დააკავეს, რომელთაგან 12 საქართველოს მოქალაქეა. დაკავებულთა შორის არის საქართველოს 39 წლის მოქალაქე, რომელიც აღწერილია, როგორც „კანონიერი ქურდის“ ახლო თანამშრომელი და ნარკოტიკების უკანონო ბრუნვაშიც იყო ჩართული.
დანაშაულებრივი ჯგუფი იყენებდა სხვადასხვა მეთოდს, მათ შორის ბინებში შეღწევას, ხშირად მდიდარი პირების საცხოვრებლებში. ისინი ასევე იყენებდნენ დაცვის სისტემების გვერდის ავლის დახვეწილ ტექნიკას.
დაკავებულებს ბრალი ედებათ ორგანიზებულ დანაშაულებრივ ჯგუფში მონაწილეობასა და ქურდობებში. მათ 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. ზოგიერთი ეჭვმიტანილი სამართალდამცავ ორგანოებისთვის უკვე ცნობილი იყო მსგავსი დანაშაულებისთვის.
გამოძიება გრძელდება და არ არის გამორიცხული, რომ დამატებითი დაკავებები მოხდეს.
მოაქმზადა ნათია ქიმაძემ