პოლონეთში მართვის მოწმობის ჩამორთმევის გამკაცრებული წესები ამოქმედდა: რა უნდა იცოდნენ მძღოლებმა

პოლონეთში 2026  წლიდან საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის მართვის მოწმობის ჩამორთმევის ახალი, გამკაცრებული რეგულაციები ამოქმედდა. ცვლილებების მიზანია გზებზე უსაფრთხოების გაზრდა და ავარიების შემცირება, განსაკუთრებით იმ შემთხვევებში, რომლებიც გამოწვეულია უგუნური და აგრესიული მართვით.

ახალი წესების თანახმად, პოლიციას უფლება აქვს, მართვის მოწმობა ადგილზე ჩამოართვას მძღოლს შემდეგი სერიოზული დარღვევებისთვის:

  • ავტომაგისტრალზე ან ჩქაროსნულ გზაზე საავარიო ზოლში მოძრაობა.
  • ავტომაგისტრალებზე ან ჩქაროსნულ გზებზე წინ მიმავალ ავტომობილთან უსაფრთხო დისტანციის დაუცველობა.
  • ფეხით მოსიარულეთა გადასასვლელზე გასწრება ან იმ სატრანსპორტო საშუალების გვერდის ავლა, რომელიც ფეხით მოსიარულეს გზას უთმობს.
  • დასახლებულ პუნქტში სიჩქარის გადაჭარბება 50 კმ/სთ-ზე მეტით.
  • ავტომობილის რეგისტრაციის მოწმობით დაშვებულზე მეტი მგზავრის გადაყვანა.

მართვის მოწმობის ჩამორთმევის ვადები შემდეგნაირად განისაზღვრა:

  • პირველი დარღვევის შემთხვევაში, მართვის მოწმობა ჩამოერთმევა 3 თვით.
  • თუ მძღოლი ამ 3-თვიანი ვადის განმავლობაში კვლავ ჩაიდენს ზემოთ ჩამოთვლილ რომელიმე დარღვევას, მართვის მოწმობა ჩამოერთმევა 6 თვით.
  • მესამე დარღვევის შემთხვევაში, მართვის მოწმობა გაუქმდება და მძღოლს მოუწევს ხელახალი გამოცდის ჩაბარება მართვის უფლების აღსადგენად.

ეს ცვლილებები ეხება პოლონეთში მყოფ ყველა მძღოლს, მათ შორის უცხოელ რეზიდენტებსაც. ამიტომ, უმნიშვნელოვანესია, რომ ყველამ გაითვალისწინოს ახალი რეგულაციები და დაიცვას საგზაო მოძრაობის წესები, რათა თავიდან აიცილოს მართვის მოწმობის ჩამორთმევა და ხელი შეუწყოს გზებზე უსაფრთხო გარემოს შექმნას.

მოამზადა ნათია ქიმაძემ