უპილოტო სახმელეთო მანქანებმა ისტორიაში პირველად მტრის პოზიცია დაიკავეს

პოლონური გამოცემა National Geographic-ის ინფორმაციით, უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტის ფარგლებში, უპილოტო სახმელეთო მანქანებმა (UGV) ისტორიაში პირველად წარმატებით დაიკავეს მტრის პოზიცია.

ეს მოვლენა სამხედრო ტექნოლოგიების განვითარების მნიშვნელოვან ეტაპს წარმოადგენს, რადგან მანამდე უპილოტო საფრენი აპარატები (დრონები) აქტიურად გამოიყენებოდა, თუმცა სახმელეთო რობოტების მიერ ასეთი ოპერაციის განხორციელება უპრეცედენტოა.

როგორც სტატიაშია აღნიშნული, უკრაინულმა ძალებმა გამოიყენეს კომპანია „Global Dynamics“-ის მიერ წარმოებული რობოტები, კერძოდ „Ratels S“ და „Ratels H“ მოდელები. ამ რობოტების ძირითადი ამოცანა იყო ქვეითებისთვის გზის გაწმენდა, მტრის პოზიციების განადგურება და მარაგების მიწოდება.

ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ამ ტექნოლოგიის გამოყენება მნიშვნელოვნად ამცირებს ადამიანურ დანაკარგებს და ცვლის თანამედროვე ომის ხასიათს. ვარაუდობენ, რომ უპილოტო სისტემების როლი სამხედრო ოპერაციებში მომავალში კიდევ უფრო გაიზრდება, რაც ახალ გამოწვევებსა და შესაძლებლობებს შექმნის თავდაცვის სფეროში.

მოამზადა მათე გასვიანმა