
16 მაისს პოლონეთის ქალაქები ტრადიციულ „მუზეუმების ღამეს“ უმასპინძლებენ, რაც ხელოვნებისა და ისტორიის მოყვარულთათვის უნიკალურ შესაძლებლობას ქმნის, უფასოდ ან სიმბოლურ ფასად დაათვალიერონ ის ადგილები, რომლებიც ჩვეულებრივ დამთვალიერებლებისთვის დახურულია. 2004 წლიდან დამკვიდრებული ეს გაზაფხულის ტრადიცია წელს მასშტაბურია - ინიციატივას 140-მდე ქალაქი უერთდება. სპეციალურად ამ ღამისთვის მუნიციპალური ტრანსპორტის დამატებითი ხაზები იმუშავებს, რათა ვიზიტორებმა სხვადასხვა ლოკაციებს შორის გადაადგილება შეუფერხებლად შეძლონ.
დედაქალაქი ვარშავა სტუმრებს 300-ზე მეტ ობიექტს სთავაზობს, რომელთა შორის გამორჩეულია პრაღის წვიმის კანალიზაციის 120 წლის ისტორიული მილსადენი. მიწისქვეშა თავგადასავლების პარალელურად, კარი გაიღება სამთავრობო რეზიდენციებშიც, მათ შორის ბელვედერის სასახლესა და სხვადასხვა სამინისტროებში. კრაკოვი კი, სხვა ქალაქებისგან განსხვავებით, ფესტივალს ერთი დღით ადრე, 15 მაისს დაიწყებს და ვიზიტორებს ვაველის სამეფო ციხესიმაგრის ეზოებში ღამის გასეირნებასა და მერიის კოშკიდან ქალაქის პანორამული ხედებით ტკბობას სთავაზობს.
ლოძში მისული სტუმრები კრიმინალური ისტორიის ეპიცენტრში აღმოჩნდებიან - რაიონულ სასამართლოში ლეგენდარული ბანდიტის, „მაქს ბრმის“ 1935 წლის სასამართლო პროცესის რეკონსტრუქცია მოეწყობა. ვროცლავში აქცენტი ინდუსტრიულ ესთეტიკაზე კეთდება, სადაც ფანრებით შეიარაღებული დამთვალიერებლები ყოფილი Kraftpost-ის დარბაზის საუკუნოვან კედლებს შეისწავლიან. საზღვაო თავგადასავლების მოყვარულებს კი გდანსკი მასპინძლობს, სადაც სიმბოლურ ერთ ზლოტად იქნება შესაძლებელი ისტორიული ამწეებისა და საზღვაო ექსპონატების დათვალიერება, ხოლო სოპოტის იპოდრომი სტუმრებს ცხენების ყოველდღიური ცხოვრებისა და ისტორიული თავლების კულისებში შეიყვანს.
მოამზადა ნათია ქიმაძემ