
პოლონეთის სამართალდამცავმა უწყებებმა ვარშავის მახლობლად დააკავეს პირი, რომელიც ვლადიმერ პუტინის ღია კრიტიკოსის, რუსი მხატვრის მკვლელობაშია ეჭვმიტანილი. განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს ის ფაქტი, რომ სავარაუდო დამნაშავე საქართველოს მოქალაქის პასპორტით სარგებლობდა.
სემიონ სკრეპეცკი (ნამდვილი სახელი - რობერტ კუზოვკოვი), რომელიც რუსეთის ხელისუფლებისა და პირადად პუტინის წინააღმდეგ მიმართული სატირული კარიკატურებით იყო ცნობილი, 17 ივნისს, ბელარუსის საზღვართან მდებარე ქალაქ ბიალა-პოდლასკაში მოკლეს. თვითმხილველთა ცნობით, შეიარაღებული პირი მხატვარს დღისით, საკუთარ სახლთან ძაღლის სეირნობისას მიუახლოვდა და თავისა და მკერდის არეში სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა.
სპეცოპერაცია, რომელშიც პოლიციის საგამოძიებო ჯგუფთან ერთად, კონტრტერორისტული სამსახური და შიდა უსაფრთხოების სააგენტო მონაწილეობდა, 18 ივნისს დილით ჩატარდა. პოლონეთის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, ეს დაკავება პოლონური სპეცსამსახურების უდიდესი წარმატებაა იმ საზარელი მკვლელობის შემდეგ, რომელმაც მთელი ქვეყანა შოკში ჩააგდო. მისივე ცნობით, დაკავებული პირი ორგანიზებულ დანაშაულებრივ სამყაროსთანაა დაკავშირებული და შესაძლოა, 2022 წელს ჩადენილ სხვა დანაშაულებშიც ფიგურირებდეს.
მკვლელობის დემონსტრაციულმა ხასიათმა პოლონეთში სერიოზული შეშფოთება გამოიწვია. პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა მომხდარს შესაძლო სახელმწიფო ტერორიზმი უწოდა და ხაზგასმით აღნიშნა: თუ დადასტურდა, რომ მკვლელობა მოსკოვის დაკვეთით განხორციელდა, ეს საერთაშორისო მასშტაბის უმძიმესი ინციდენტი იქნება. სწორედ ტუსკმა გაასაჯაროვა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ეჭვმიტანილი ქართული პასპორტით გადაადგილდებოდა და გამოძიება მკვლელობის შემკვეთის ვინაობის დასადგენად მუშაობს.
პოლონეთის სპეციალური სამსახურების კოორდინატორის, ტომაშ სიემონიაკის ვარაუდით, საქმე ეხება უცხოური სადაზვერვო სამსახურების კარგად ნაცნობ პრაქტიკას, როდესაც სახელმწიფოები მსგავსი ოპერაციების შესასრულებლად კრიმინალებს ქირაობენ.
აღსანიშნავია ერთი ტრაგიკული დეტალიც: პოლონეთის უსაფრთხოების სამსახურები სკრეპეცკის მოსალოდნელი საფრთხის შესახებ წინასწარ აფრთხილებდნენ. როგორც სიემონიაკმა განმარტა, შიდა უსაფრთხოების სააგენტომ და პოლიციამ მხატვარს არაერთხელ შესთავაზეს სახელმწიფო დაცვა პოლონეთში ყოფნის პერიოდში, თუმცა დისიდენტმა შეთავაზებაზე უარი განაცხადა.
მოამზადა ნათია ქიმაძემ