
მეჩვიდმეტე საუკუნის მეორე ნახევარში პოლონეთის სამეფო კარზე გამორჩეული ადგილი ეკავა წარმოშობით ქართველ დიპლომატს, ბოგდან გურჯიცკის (Bogdan Gurdziecki). მან მნიშვნელოვანი როლი ითამაშა იმ ეპოქის საერთაშორისო ურთიერთობებში და წლების განმავლობაში სეფიანთა ირანში პოლონეთის ელჩის პოზიციას იკავებდა.
ბოგდან გურჯიცკი ქართლის აზნაურთა ოჯახს წარმოადგენდა. ისტორიკოსების მოსაზრებით, მისი ნამდვილი გვარი ალავერდიშვილი უნდა ყოფილიყო, თუმცა ქართულ და უცხოურ წყაროებში ის ბუგდანის, ბუღდანის ან ბუღდან-ბეგის სახელითაც არის ცნობილი.
1640-50-იან წლებში იგი ქართლის მეფის, როსტომის ქვეშევრდომი იყო. მოგვიანებით, სავარაუდოდ სადიპლომატო დავალებით, ის პოლონეთში გაემგზავრა. 1650-იანი წლების ბოლოს გურჯიცკი უკვე აქტიურად მონაწილეობდა პოლონეთ-შვედეთის ომებში - ის პოლონეთის არმიაში უცხოელთა ნაწილის ერთ-ერთი მეთაური იყო, რისთვისაც მას როტმისტრის წოდება მიენიჭა.
ანტიოსმალური კოალიცია და პოლონური გერბი
1668 წელს ბოგდან გურჯიცკი საგანგებო მისიით ირანში გაიგზავნა. ამ ელჩობის მთავარი მიზანი ოსმალეთის წინააღმდეგ პოლონეთის, რუსეთისა და ირანის სამხედრო კავშირის შექმნა და სავაჭრო ურთიერთობების გაფართოება გახლდათ.
ამავე წლის სექტემბერში, მოსკოვში ყოფნისას, დიპლომატი შეხვდა მეფე ალექსი მიხეილის ძეს, ქართველ ბატონიშვილ ნიკოლოზს (შემდგომში ერეკლე I), მის დედას - დედოფალ ელენესა და სხვა ქართველ წარჩინებულებს. ირანში მისიის წარმატებით დასრულების შემდეგ, პოლონეთის სეიმმა გურჯიცკის აზნაურობა, საკუთარი გერბი და მამულები უბოძა.
23 წელი ირანში და კავშირი საქართველოსთან
1676 წელს პოლონეთის ხელისუფლებამ ქართველი დიპლომატი ირანში მუდმივ რეზიდენტად დანიშნა, სადაც მან 23 წელი გაატარა. ამ პერიოდში იგი მჭიდროდ თანამშრომლობდა ქართველ მეფეებთან - ვახტანგ V-სა და გიორგი XI-სთან და აქტიურად ცდილობდა პოლონეთსა და საქართველოს შორის სავაჭრო კავშირების დამყარებას.
გურჯიცკიმ სამშობლოში მნიშვნელოვანი კვალიც დატოვა. მან და მისმა ძმებმა - ფარსადანმა, ნაზარმა და მერაბმა - მოსკოვიდან საქართველოში საეკლესიო ნივთები ჩამოიტანეს. ერთ-ერთი ზარი მათ საჩუქრად გადასცეს კათოლიკოს-პატრიარქ დომენტი III-ს, რომელმაც ის ანჩისხატის ახალ სამრეკლოზე დაკიდა. სანაცვლოდ, მეფე გიორგი XI-მ ძმებს თბილისში სასახლე უბოძა.
ბოგდან გურჯიცკის სიცოცხლე გზაში დასრულდა. 1699 წელს, შაჰ ჰუსეინის დავალებით, იგი კვლავ პოლონეთში გაემგზავრა, თუმცა დანიშნულების ადგილამდე ვერ მიაღწია - 1700 წლის 12 აპრილს გარდაიცვალა. ქართველი დიპლომატი მოსკოვშია დაკრძალული.
ფოტოზე: XVII-XVIII საუკუნეების ვარშავის ხედი სამეფო ციხე-სიმაგრიდან
მოამზადა ნათია ქიმაძემ