პოლონეთის სასაზღვრო სამსახურის ოპერაცია: ქვეყანა თითქმის 180-მა არალეგალმა დატოვა, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებიც

პოლონეთის სასაზღვრო სამსახურმა (Straż Graniczna) მასშტაბური ოპერაცია ჩაატარა, რომლის შედეგადაც რამდენიმე დღეში ქვეყანა თითქმის 180-მა უცხოელმა დატოვა, რომლებიც პოლონეთში არალეგალურად იმყოფებოდნენ.

ოპერაციის მიზანი იყო იმ პირების იდენტიფიცირება და ქვეყნიდან გაძევება, რომლებიც არღვევდნენ პოლონეთში ყოფნის წესებს. სასაზღვრო სამსახურის ინფორმაციით, გამოვლენილი უცხოელები სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეები იყვნენ, მათ შორის საქართველოს, უკრაინის, ბელარუსის, მოლდოვასა და სხვა სახელმწიფოების წარმომადგენლები.

დარღვევები ძირითადად უკავშირდებოდა არალეგალურ დასაქმებას ან ვიზისა და ბინადრობის ნებართვის ვადის გადაცილებას. ზოგიერთი მათგანი დეპორტირებული იქნა, ნაწილს კი ნებაყოფლობითი წესით ქვეყნის დატოვება დაევალა. ამასთან, მათ შესაძლოა დაეკისროთ პოლონეთში ან შენგენის ზონაში ხელახლა შესვლის აკრძალვა.

მოამზადა მათე გასვიანმა